პოლიტიკა

ნათია თურნავა: ვინც ჩვენს ტემპს ვერ აყვება…

ვინც ჩვენს ტემპს ვერ აყვება, ის გუნდში ვერ იქნება. ასე რომ, ეს არის ძალიან მარტივი დავალება, ყველაფერი უნდა შესრულდეს გეგმის მიხედვით, არც ერთი დაგვიანებული პროექტი, არც ერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ეკონომიკის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ტემპი არ უნდა იყოს დამოკიდებული პირად გადაწყვეტილებებსა და პირად კომუნიკაციებზე, სისტემა უნდა მოერგოს ახალ ტემპს, ახალ დრაივს და ახალ ამოცანებს.

„ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს 1000-მდე ადამიანი, ძირითადად კარგი პროფესიონალები არიან, ზოგი მრავალი წელია მუშაობს. მთავარი კითხვა და გამოწვევა არის ის, თუ როგორ ჩავაყენოთ ეს ადამიანები ბიზნესის ან თუნდაც უბრალო ადამიანების სამსახურში, ეს ლითონის სიტყვები არ გეგონოთ, იმიტომ რომ სამინისტროში 15 ქვედანაყოფია სულ ცოტა, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, ვინც აწვდის კონკრეტულ სერვისებს ბიზნესს, მცირე ბიზნესს, მოსახლეობას.

რამდენადაც წარმატებულად იქნება მათი კომუნიკაცია და იქ მუშაობის პროცესები კარგად იქნება აწყობილი, იმდაგვარად შეგვაფასებს ჩვენ მოსახლეობა და ბიზნესი. სისტემის აწყობაში ვგულისხმობ, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი დაგვიანებები, გადადებული გადაუწყვეტელი საკითხები, ნებისმიერი ადამიანისთვის, ბიზნესისთვის ვინც მოგვმართავს, იყოს ძალიან ნათელი და გამჭვირვალე ლოგიკა და ვადები გადაწყვეტილებების და ამას თვალნათლივ ხედავდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა. მანამდე ნათია თურნავა გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

 

მსგავსი მასალები