სამართალი

ოჯახი და ადვოკატები პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

მაჩალიკაშვილების ოჯახი და მისი ადვოკატები პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

EMC-ის იურისტის, თამთა მიქელაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები სუს-ის თანამშრომლებმა ჩაატარეს, რაც აჩენს ეჭვს მტკიცებულებების ნაწილის ფაბრიკაციასთან დაკავშირებით.

მიქელაძის განცხადებით, ამან გამოძიების პროცესი დააზიანა.

„იმის გამო, რომ ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ვნახეთ, ჩვენ დღეს პოლიტიკური ელემენტის შემოტანას ვითხოვთ. ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის, უმრავლესობას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ვითხოვთ საკონსულტაციო შეხვედრებს დროულად, რათა ოჯახსა და ადვოკატებს, ასევე ადგილობრივი თემის ლიდერებს შეხვდნენ. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს კრიტიკას და ვთხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

იურისტის ინფორმაციით, კომისიის შექმნის პარალელურად ისინი სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებასაც მოითხოვენ, იქნება ეს ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარება თუ სხვა.

კომენტარი გააკეთა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც:

„ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ ადამიანური რესურსი ჰქონოდა და სიმართლე ეთქვა. სრულ სიმართლეს არ ვითხოვ, სიმართლის რაღაც პროცენტი მაინც გვითხრან“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

წყარო: Newposts.ge

მსგავსი მასალები