განათლება

საჯარო სკოლებში აგვისტოს ომის ისტორიის გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

მიმდინარე წლის იანვრიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანი “თავდაცვა და უსაფრთხოება” საპილოტე რეჟიმით დაინერგება. საგანში აგვისტოს ომის ისტორია იქნება შესული.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ინფორმაციით, მოსწავლეებს გაკვეთილებს სამხედრო მოსამსახურეები ჩაუტარებენ, რომლებიც უკვე გადიან ტრენინგებს.

„თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ პროექტზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის მიხედვითაც ახლა მიმდინარეობს ტრენინგები შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი გაივლიან ტრენინგმოდულს და სამინისტრო გაზაფხულიდან შეარჩევს რამდენიმე სკოლას თბილისსა და რეგიონებში“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაპირველად, სავარაუდოდ, 10-20 სკოლა შეირჩევა, რომლებშიც საგანი საპილოტე რეჟიმში შევა.

„მოგეხსენებათ საკითხები, რომლებიც სამოქალაქო თავდაცვას და პატრიოტიზმს შეეხება, ისედაც შესულია სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია და მოსწავლეებს ეროვნული გმირების შესახებ აცნობს ინფორმაციას. უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს. ერთ-ერთი თემაა აგვისტოს ომი. აქცენტები გაკეთდება იმ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ. მაგალითად, რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა და როგორ განვითარდა მოვლენები.“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, საგანი ემსახურება იმას, რომ მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ საკუთარი ეროვნული გმირების ისტორიები.

„საგანს საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაივლიან. იქნება მსჯელობისა და დებატების ფორმატი. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია და მათ თავად გააანალიზონ და იმსჯელონ“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი მასალები