პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, დედაქალაქში მომხდარი დაპირისპირება მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

,,პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

დაშავდნენ ადამიანები – ზოგიერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოში წესრიგს იცავდა; ზოგიერთი – იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული და შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა; ზოგიერთი კი იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ, სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს.

ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა – პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე – ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის.

ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა საქართველოს შვილია. ყველა ძვირფასია. და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს: „კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო!“

უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ამ წუთამდე ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ბოლო შესაძლებლობამდე ეცადნენ, მოქალაქეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება.

სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის.

მათ ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში. საჭიროა თითოეული შემთხვევის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში რეაგირება.

რა თქმა უნდა, ჩემი გულისტკივილის გამოხატვა სრულიად არ არის საკმარისი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ერთი მხრივ, ხელისუფლება და, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე, – და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას.

ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე.

მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი.
არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი.

პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

მეორე მხრივ, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.

დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად. ეს არის საერთო ტრაგედია. ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს.

მოვუწოდებ საზოგადოებას დამშვიდებისკენ. არ წამოვეგოთ ახალ პროვოკაციებს, არ ავყვეთ დესტრუქციულ მოწოდებებს.

მე მჯერა თქვენი გონივრული გადაწყვეტილების.

მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს.

გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.

რუსეთს მხოლოდ ასე აღვუდგებით წინ. ოკუპაციას მხოლოდ ასე ვუპასუხებთ. მსოფლიოს მხოლოდ ასე დავანახებთ საქართველოს ღირსებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი მასალები