TOP

თამარ ჩუგოშვილი: თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება…

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საერთაშორისო მდივნის თამარ ჩუგოშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ოპონენტებს საარჩევნო კომისიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

“საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას.ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას“ – აცხადებს ჩუგოშვილი.

მისივე შეფასებით, ოპონენტების ინტერესი ცესკო-ს დისკრედიტაციაა: „ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად აორგანიზებს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშალა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე“ – ამბობს ჩუგოშვილი და ყველას აფრთხილებს. „შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე“ – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატებთან შეხვედრა იგეგმება.

მსგავსი მასალები