პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ირინა ფრიზი და მისი მოადგილე, გრიგორ გალაგანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

სტუმრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც ფართოდ ისაუბრა სამსახურის ადმინისტრაციული მოწყობის, მუშაობის პრინციპის, უწყების პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის, დასაქმების საკითხების და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც როგორც სამსახურის, ისე უწყების ბენეფიციარების წინაშე დგას. ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორმა, ლევან ჯუღელმა კი თავის პრეზენტაციაში, ხაზგასმით ისაუბრა ვეტერანთა ჰოსპიტლის დღევანდელ მდგომარეობაზე და იმ გეგმებზე, რომლებიც ვეტერანთა ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლადაა დაგეგმილი.

შეხვედრაზე მხარეებმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. დაიგეგმება ერთობლივი პროექტები, რომლებიც როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ვეტერანებისათვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც, სოციალური, ისე ეკონომიკური კუთხით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვიზიტი საქართველოში, რადგანაც არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი უკრაინის ვეტერანთა საქმეების სამინისტროსა და  საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის, არამედ, ჩვენ შევიმუშავეთ მოქმედების გეგმა. მთავარია, რომ ჩვენ გვესმის, როგორი პროგრამები შეგვიძლია ერთობლივად განვახორციელოთ იმისათვის რომ ჩვენი ვეტერანები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, თავს დაცულად გრძნობდნენ. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გვქონდეს ერთობლივი შეხვედრები მრგვალი მაგიდის ირგვლივ და ჩავატაროთ კონფერენციები, არა მხოლოდ უწყებრივ დონეზე – სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის. ჩვენ ვიმოქმედებთ, ისე რომ ჩვენს ვეტერანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან თანამშრომლობის, გაცნობის და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ვიმუშავებთ იმ პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ ვეტერანების მიერ წარმოებულ ბიზნესს, რადგანაც, დამტკიცებული ფაქტია, რომ ვეტერანისთვის ბიზნესის წარმოება არის ყველაზე საუკეთესო გზაა მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ადაპტაციისა და რეაბილიტაციისათვის“, – განაცხადა ირინა ფრიზმა.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალშექმნილი სამინისტროს წარმომადგენლები გამოცდილების გასაზიარებლად, ჩვენთან ჩამოვიდნენ. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ როგორი გეზიც ჩვენ ავიღეთ, რომ ხელი შევუწყოთ ვეტერანებს ბიზნესის წარმოებაში, რათა მივცეთ საშუალება ხალხს, თვითონ იშოვონ ფული და დაასაქმოს ვეტერანები, ამავე გზაზე დგანან ჩვენი უკრაინელი მეგობრები“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ და დასძინა, რომ დააყენებს საკითხს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ვლადიმერ იმნაძემ პატივით გაიხსენა ის უკრაინელი მეომრები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ქართველების მხარდამხარ, აფხაზეთში იბრძოდნენ. თავის მხრივ, ირინა ფრიზმა მადლობა გადაუხადა ქართველებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი როგორც ომში, ისე მშვიდობიანობის დროს იჩენენ უკრაინელი ძმების მიმართ. სტუმრებმა და მასპინძლებმა, უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ირინა ფრიზისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გმირთა მემორიალზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების გვარების გასწვრივ, უკრაინის დროშების ხილვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი, იგორ ოსტანეკო, პოლკოვნიკი ოლეგ ორლოვი, საელჩოს პირველი მდივანი, ტატიანა კოვპაკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვეტერანთა საქმეების სამინისტრო ახლად ჩამოყალიბებულია. საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, როგორც რეგიონში სამაგალითო უწყების მუშაობის გამოცდილების გაზიარებაზე რეკომენდაცია, უკრაინულ მხარეს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისმა მისცეს.

 

 

 

 

მსგავსი მასალები