პოლიტიკა

ზალკალიანი: 2018 წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

“წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები საქართველოსათვის აქტუალური საკითხების წამოწევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი სირიასა და ნაურუზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო, რაც აღნიშნული ქვეყნებისათვის აშშ-ს მხრიდან ფინანსური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს;  ლიეტუვის რესპუბლიკამ დააწესა სანქციები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შესულ პირებზე ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით; საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები იქნა მიღებული მათ შორის ევროპარლამენტის, ირლანდიის სენატის, ლიეტუვას და პოლონეთის სეიმების მიერ“, – აღნიშნა მან.

ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ წელს ნატოს სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად მიიღეს ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, 2018 წელი კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით წარმატებული იყო.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევისა და პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები.

წყარო: Imedinews.ge

მსგავსი მასალები